ფინეთი-NATO

ფინეთის საგარეო უწყება: NATO-ს წევრობა ქვეყანას ყველაზე მეტ უსაფრთხოებას სთავაზობს

Agence France-Presse

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტვიტერის გვერდზე პოსტი გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ფინეთს ყველაზე მეტ უსაფრთხოებას სწორედ ალიანსში გაწევრიანება სთავაზობს.

"ფინეთის უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს ჩვენი ქვეყნისგან შესაბამის რეაქციას მოითხოვს. ნატოს წევრობა ფინეთს ყველაზე მეტ უსაფრთხოებას სთავაზობს. ფინეთი საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავადვე იღებს და ეს გადაწყვეტილებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული". - წერს ფინეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომაც.

"ნატოში გაწევრიანებით ფინეთი როგორც საკუთარ, აგრეთვე მთელი ევროპის უსაფრთხოებას გააძლიერებს. ჩვენ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას მომავალი თაობებისთვის ვიღებთ". - ამბობს მინისტრი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები