Credit Suisse Group AG

თალაკვაძე ივანიშვილზე: ოპოზიციის მცდელობაა, საკითხი აშშ-ს დაუკავშიროს, მიუღებელია

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს სასამართლო დავასთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საკითხის "სანქციებთან მიმართებაში გადათარგმნასა" და მის აშშ-სთან დაკავშირებას ცდილობს. 

"ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და, ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არის საქართველოს მოქალაქე და მეორე, მას აქვს ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება ქვეყნის წინაშე. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც Credit Suisse-ის ტრანზაქციებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ბატონ ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან დავა და მან მოიგო ეს დავა საერთაშორისო სასამართლოში, სადაც დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. 

რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ სანქციებთან მიმართებაში, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ აშშ-ს, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია". - ამბობს თალაკვაძე.   

გუშინ, 10 მაისს ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. კობახიძე გამოეხმაურა პარტიის სპიკერის, ხათუნა ხოფერიას პოსტს, რომლის მიხედვითაც, "ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია". ის წერს, რომ "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს" და "ივანიშვილთან ევტუშენკოვსაც მათ დაარეკინეს".

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ხათუნა ხოფერიას პოსტზე თქვა, რომ "ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური". ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე" დეტალებში ვერ შევა. 

11 მაისს განცხადება გაავრცელა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა - ყიფიანი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-თან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. განცხადებაში ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა". 

ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.

Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი თვლის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. კომპანია აცხადებს, რომ თანხის გაცემის პროცესი კვლავ ბენეფიციარების უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რწმუნებულის მიერ მართული თანხები არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან და ეს აქტივები ფინანსური სტრუქტურებისგან დამოუკიდებელია.

"ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს.

ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდა 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, ხოლო მათზე რწმუნებულს პასუხი არ გაუცია, რადგან ცხადია, რომ მას სათქმელი აღარაფერი აქვს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი მის ქმედებასა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც იღებს პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, თუ ეს სხვა ფაქტორებით არაა განპირობებული. კლიენტს საკუთარი ახსნა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალებს შესაბამის დროს მოგაწვდით. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავას ან მის შედეგებს – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია". – თქვა ივანიშვილის პრესსპიკერმა.

PR კომპანიის ცნობით, უახლოს კვირებში ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან რამდენიმე პრესკონფერენციის მოწყობას აპირებს, რათა "დეტალურად აჩვენოს როგორ მუშაობს Credit Suisse, ზოგადად შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას".

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები