Credit Suisse Group AG

"ამერიკა არავის უხსენებია, ცარიელი სპეკულაციაა" – კობახიძე ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე

ირაკლი კობახიძე
იმედი

"ამერიკა არავის უხსენებია, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს, ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავაზე თქვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 10 მაისს, ირაკლი კობახიძე ხათუნა ხოფერიას FB-პოსტზე ამბობდა, რომ მისი კითხვები ლეგიტიმურია. კერძოდ, სამთავრობო პროპაგანდისტმა ხათუნა ხოფერიამ დაწერა, რომ "ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან". ხათუნა ხოფერიას აზრით, "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს" და "ივანიშვილთან ევტუშენკოვსაც მათ დაარეკინეს".

ამაზე ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობდა, რომ "ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური". იქვე, ირაკლი კობახიძე აღნიშნავდა, რომ "პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე" დეტალებში ვერ შევა.

"როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხება ხდება მაშინ, როცა გადარიცხვას სჭირდება რამდენიმე საათი და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის აყენებს კითსვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული.

თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი" - აცხადებდა ქართული ოცნების თავმჯდომარე.

დღეს კი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და "ხოფერიას შეუძლია, ჰქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ".

აშშ ბიძინა ივანიშვილის "ომში ჩათრევის იძულებაში" დაადანაშაულა სამთავრობო პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმაც. ასევე, სამთავრობო მედია იმედმა Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს - "საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ აშკარაა კოორდინირებული მოქმედება და სქემა, რომლის უკან დასავლეთი დგას".


ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.

Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი თვლის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. კომპანია აცხადებს, რომ თანხის გაცემის პროცესი კვლავ ბენეფიციარების უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რწმუნებულის მიერ მართული თანხები არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან და ეს აქტივები ფინანსური სტრუქტურებისგან დამოუკიდებელია.

"ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს.

ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდა 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, ხოლო მათზე რწმუნებულს პასუხი არ გაუცია, რადგან ცხადია, რომ მას სათქმელი აღარაფერი აქვს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი მის ქმედებასა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც იღებს პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, თუ ეს სხვა ფაქტორებით არაა განპირობებული. კლიენტს საკუთარი ახსნა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალებს შესაბამის დროს მოგაწვდით. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავას ან მის შედეგებს – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია". – თქვა ივანიშვილის პრესსპიკერმა.

PR კომპანიის ცნობით, უახლოს კვირებში ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან რამდენიმე პრესკონფერენციის მოწყობას აპირებს, რათა "დეტალურად აჩვენოს როგორ მუშაობს Credit Suisse, ზოგადად შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას".

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები