რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი პუტინზე: უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომიდან უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს.

ბაიდენმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პუტინმა შეცდომით მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრით NATO-სა და ევროკავშირს გახლეჩდა.

ბაიდენის თქმით, პუტინი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ითვლის და ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტს ახლა აღელვებს ის პრობლემა, რომ რუსეთის ლიდერს უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს.

"[პუტინს] ახლა უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს და მე ვცდილობ მოვიფიქრო თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით". – აღნიშნა ბაიდენმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები