რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გავხსნით

აზოვსტალის ქარხანა 2022 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში

რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მითითებულ პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები საომარ მოქმედებებს ცალმხრივად შეწყვეტენ.

Українська правда-ს წყაროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. 

ამასთან ერთად,უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები