მოლდოვა-ევროკავშირი

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მოლდოვას EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

europarl.europa.eu

ევროპარლამენტმა მოლდოვას ევროკავშირის წევრობის აპლიკაციას მხარი დაუჭირა და ევროკომისიას მოუწოდა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოლდოვა უდაოდ სწორ გზაზე დგას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საკვანძო რეფორმების გატარებაში.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში მოლდოვას არაპროპორციულად შეეხო, კერძოდ, მოლდოვაში ამჟამად მყოფი 100 000-მდე უკრაინელი ლტოლვილის, ვაჭრობის შეფერხებისა და გაძვირებული ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გამო.

აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ მოლდოვასთვის მეტი დახმარების გამოყოფას, მათ შორის მაკრო-ფინანსურ დახმარებას, ტრანსპორტისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ლტოლვილთა მართვასა და ჰუმანიტარული ტიპის დახმარებას.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები