მოლდოვა-ევროკავშირი

კიშინიოვში EU-ს პირველი სამიტის შემდეგ, მოლდოვამ და ევროკავშირმა დეკლარაცია გამოაქვეყნეს

4 ივლისს კიშინიოვში გამართული პირველი სამიტის შემდეგ, მოლდოვამ და ევროკავშირმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მათ ერთგულებას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართ და ხაზს უსვამენ მოლდოვის ევროპულ მომავალს.

ერთობლივ დეკლარაციაში ლიდერებმა საერთო ხედვა დასახეს მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე. ამასთან, ევროპული საბჭოს მიხედვით, დეკლარაცია მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესს და მიესალმება ქვეყანაში რეფორმების გატარების მხრივ მთავრობის ძალისხმევას.

ევროპული საბჭო ასევე წერს, რომ დეკლარაცია, რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე, მტკიცე მხარდაჭერას აცხადებს მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მდგრადობის მიმართ.

მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ EU მოლდოვის განვითარების €1.9-მილიარდიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანას უკვე გამოუყოფს €270 მილიონს.

ამას გარდა, ლაიენმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდანვე მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს (Single Euro Payment Area – SEPA) შეუერთდება, რითაც ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევრო ბანკებთან უფრო იაფი და გამარტივებული მომსახურება.

ლაიენი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის საერთო როუმინგის ზონაში მოლდოვის ინტეგრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის მოხდეს.

კომენტარები