რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვის მიმდებარედ ოკუპანტებმა სარკინიგზო ელექტრო ქვესადგურები ააფეთქეს – უკრაინა

Vladyslav Sodel/Reuters

უკრაინის რკინიგზის განცხადებით, ლვოვის მიმდებარედ რამდენიმე მატარებელი სარკინიგზო ელექტრო ქვესადგურებზე რუსეთის თავდასხმების გამო გაჩერდა. 

"ლვოვის შესასვლელთან მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება". - ვკითხულობთ უკრაინის რკინიგზის განცხადებაში. 

ლვოვის მერის, ანდრიი სადოვიის თქმით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სადოვიიმ ასევე აღნიშნა, რომ რაკეტების დარტყმის შედეგად ორი ელექტრო ქვესადგური დაზიანდა.

"დარჩით ყველა თავშესაფრებში". - წერს ლვოვის მერი Telegram-ზე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები