რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის აჩრდილი არ დაღუპულა, ის ბრიგადის კოლექტიური სურათია – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გავრცელებული ცნობები "კიევის აჩრდილის" გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. საჰაერო ძალებმა ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომ კიევის აჩრდილი The Time-ის მიერ დასახელებული სტეფან ტარაბალკა იყო.

"უკრაინის გმირი სტეფან ტარაბალკა არ არის "კიევის აჩრდილი" და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი. 2022 წლის 12 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა რუს ოკუპანტებთან საჰაერო ბრძოლაში". – ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალების სარდლობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც "კიევის აჩრდილია" და იგი დედაქალაქის დამცველი საავიაციო ბრიგადის კოლექტიური სახეა.

"კიევის აჩრდილი არის ლეგენდარული სუპერგმირი, რომლის ფიგურა უკრაინელებმა შექმნეს. ეს არის საჰაერო ძალების მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის მფრინავების კოლექტიური სურათი, რომლებიც დედაქალაქის ცას იცავენ. ისინი მოულოდნელად ჩნდებიან იქ, სადაც მათ არ ელოდებიან". – ნათქვამია განცხადებაში.

29 აპრილს გამოცემა Time-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ MIG-29-ის მებრძოლი პილოტი ზედმეტ სახელად კიევის აჩრდილი გასულ თვეს დაიღუპა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები