რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე ეტაპობრივ ემბარგოს დააწესებენ

wordpress.com

ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე ეტაპობრივ ემბარგოს მომდევნო კვირას დააწესებენ. პროცესში ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელი და დიპლომატია ჩართული. ინფორმაციას The New York Times-ს ავრცელებს.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში ნავთობის ემბარგო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ოფიციალური პირების თქმით, პაკეტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის წინააღმდეგ.

ამასთან ერთად, ევროპის ენერგოკომპანიათა ნაწილი რუსული გაზის საფასურის გადახდას ახალი სისტემის შესაბამისად განიხილავს, რაც ევროკავშირის სანქციების ეფექტიანობას შეამცირებს, ბლოკის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის და რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებას განაპირობებს. ინფორმაციას Financial Times-ს ავრცელებს.

რუსეთის მოთხოვნის თანახმად, კომპანიებს ანგარიში Gazprom-ის ბანკში უნდა ჰქონდეთ გახსნილი, რათა ბუნებრივი აირის ყიდვა რუბლში შეძლონ. ამასთან ერთად, კომისიის მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკი, შესაძლოა, Gazprom-ის ვალუტის კონვერტაციაში ჩაერთოს.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები