რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანელი დეპუტატების უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას მხარი დაუჭირა

PzH2000

ბუნდესტაგის გერმანელი დეპუტატების უმრაველსობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა.

693 დეპუტატიდან იარაღის მიწოდებას მხარი 586-მა დაუჭირა, 100-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 7-მა კი თავი შეიკავა.

გერმანიის ბუნდესტაგის, ქვედა პალატის ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ცვლილება ბერლინის პოლიტიკაში რუსეთისა და უკრაინის საკითხთან მიმართებაში.

ინიციატივის მხარი დაუჭირა მმართველმა კოალიციამ და ასევე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, ქრისტიან დემოკრატებმა. წინააღმდეგი იყო ულტრა მემარჯვენეთა პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის. მათი თქმით, ეს თითქმის იგივეა, რაც ომის გამოცხადება. წინააღმდეგი იყო სოციალისტების მემარცხენეთა პარტია. 

მაშინ, როცა ბუნდესტაგი ამ საკითხს განიხილავდა, კანცლერი ოლაფ შოლცი იაპონიაში დიპლომატიურ ვიზიტზე იმყოფებოდა, რასაც გარკვეული პარტიების დეპუტატების, მათ შორის ქრისტიან დემოკრატთა კრიტიკა მოჰყვა.

უკრაინას სამხედრო ტექნიკის მიწოდება რამდენიმე გერმანულმა იარაღის მწარმოებელმა შესთავაზა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები