ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანა რუსული გაზისა და ნავთობის გამოყენებას წლის ბოლომდე შეწყვეტს.
მთავრობის ცნობით, ნიდერლანდები სხვა ქვეყნებიდან მეტი ენერგიის იმპორტზეა ფოკუსირებული.
"ამ გზით, ნიდერლანდები რუსული გაზის წილს წლის ბოლომდე ჩანაცვლებს". - წერია განცხადებაში.
ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების დაახლოებით 44% ბუნებრივ აირზე მოდის, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთავრობის შეფასებით, რუსული გაზის წილი მხოლოდ 15%-ს შეადგენს.
რუსეთზე დამოკიდებულების შეწყვეტის ძალისხმევის ფარგლებში მთავრობა 623 მილიონს დახარჯავს, რაც კომპანიებს Bergermeer-ში გაზზსაცავების შევსების საშუალებას მისცემს.
ამასთან ერთად, ნიდერლანდებმა დაგმო რუსეთის ქმდებები უკრაინაში. ასევე, უკრაინისთვის გერმანული Panzerhaubitze 2000-ის (PzH 2000) ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას გეგმავს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".





