რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ კრეისერი МОСКВА თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

კრეისერი მოსკოვი
TASS

უკრაინამ კრეისერი МОСКВА თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაძირული კრეისერი უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში 2064 ნომრით შევიდა.

"UNESCO-ს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინის საკუთრებაა". - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

15 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კრეისერი МОСКВА ბუქსირებისას ჩაიძირა. 

"კრეისერმა МОСКВА-მ პორტში ბუქსირებისას საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული კორპუსის დაზიანების გამო სტაბილურობა დაკარგა. შტორმის დროს ზღვის ღელვის გამო კრეისერი ჩაიძირა". - ნათქვამია განცხადებაში. 

13 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ МОСКВА -ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

"დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი МОСКВА დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!". – თქვა მარჩენკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები