რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ომზე: დასრულდება, როცა NATO-სგან უკრაინის დაპყრობის საფრთხე აღმოიფხვრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა Tass-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის სპეცოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც NATO-ს მხრიდან "უკრაინის აღებასთან დაკავშირებული საფრთხეები" აღმოიფხვრება.

"სპეცოპერაცია მაშინ დასრულდება, როდესაც დასახულ მიზანს მივაღწევთ. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე საფრთხეების აღმოფხვრა, რაც NATO-ს ქვეყნების მხრიდან უკრაინის დაპყრობას უკავშირდება". - თქვა დიპლომატმა.

პოლიშჩუკის ინფორმაციით, სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები