დროა

ხოშტარია: რუსულმა კომპანიამ ესტონელებს თანხის ქართული GERA-ს გავლით გადახდა შესთავაზა

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, რომ საქართველოში არსებული კომპანიების გზით ფინანსური გადარიცხვები შეასრულოს და სანქციებს თავი აარიდოს. ხოშტარიამ კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომლის დროსაც რუსეთის საავტორო უფლებების ასოციაციამ (RAO) ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას ჰონორარის გადახდა საქართველოში არსებული კომპანია GERA-ს (საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია) გავლით შესთავაზა.

"ჩემს ხელთ არის წერილი, რომელსაც რუსეთის საავტორო უფლებების ასოციაციის (RAO) წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას. მინდა, ციტირება მოვახდინო ამ წერილის: "უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკებისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, RAO-ს პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა – საქართველოში ჩვენი პარტნიორი კომპანია (GERA).

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, GERA-ს შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში" (ანუ GERA-ს მეშვეობით რუსეთის კომპანია, რომელიც არის სანქცირებული, სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ სანქციებს). "ვინაიდან, GERA-ს აქვს ორმხრივი წარმომადგენლობითი ხელშეკრულება რაოსთან, მზად ვართ, გამოგიგზავნოთ ყველა გადასახადი ამ კომპანიის მეშვეობით. ჩვენი წინასწარი მოლაპარაკებების ფარგლებში GERA-მ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს შემოთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებას დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე". – თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, მათ ასევე მოიპოვეს საბუთები კომპანია GERA-ს მიერ რუსეთისგან მიღებული ფინანსური რესურსების შესახებ. დროა მთავრობას ამ კონკრეტული კომპანიის საქმიანობის გამოკვლევისა და კანონმდებლობის იმ ნაწილის შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლითაც საქართველოში არსებული კომპანიების გზით რუსეთს სანქციების გვერდის ავლა შეუძლიათ.

"პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს საქართველოში არსებული კომპანიების გზით თავი აარიდოს სანქციებს. [...] საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიკვლიოს ამ კონკრეტული კომპანიის ურთიერთობები რუსეთთან და მეორე – უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ არ მოხდეს ამ მექანიზმის ამუშავება, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. ამგვარად ჩვენ ვიქნებით პირდაპირი მონაწილეები ბოროტების მანქანით, რომელსაც ყოველდღე ეწირებიან ადამიანები". – თქვა ხოშტარიამ.

პარტია დროას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA). კომპანია აცხადებს, რომ მათ ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროებული წერილი არ მიუღიათ და არც რუსეთისგან მსგავს შეთავაზებას დათანხმებიან.

"GERA არ დათანხმებულა რუსეთის ასოციაციის RAO-ს შემოთავაზებას და არც მომავალში აპირებს! მოვითხოვთ,  ბრალმდებლებმა გაასაჯაროონ დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებას დავთანხმდით!". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები