რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა მოკლეს ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებმაც ცხოველები არ დატოვეს

ხარკოვის ზოოპარკიდან ევაკუირებული თეთრი ლომი

ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებიც მარტში ქალაქის დაბომბვის დროს ადგილზე დარჩნენ, რათა ცხოველები გამოეკვებათ, მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ზოოპარკი ავრცელებს.

ზოოპარკის განცხადების მიხედვით, მათ ოკუპანტებმა ესროლეს. ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, თუმცა, მათ მარტის დასაწყისიდან ეძებდნენ. 

დაბომბვის დროს ზოოპარკიდან ცხოველები გამოიყვანეს - ლომები, იაგუარები, ვერცხლისფერი მელიები და აფთრები. დარჩენილი ცხოველების გამოსაკვებად კი 2 თანამშრომელი დარჩა.  

"ჩვენ პატივს მივაგებთ ამ არაჩვეულებრივი და მამაცი ადამიანების ხსოვნას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახსა და მეგობრებს. გვჯერა, რომ ის არაჰუმანური ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება!" - ვკითხულობთ განცხადებაში.  

დაბომბვისას ხარკოვის ზოოპარკი დაზიანდა - მოკვდა 2 ბიზონი.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები