რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაზიანებულ უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანტექნიკას ჩეხეთში შეაკეთებენ

უკრაინული მოდიფიკაციის Т-64БВ ტიპის ტანკი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის, იანა ჩერნოხოვას თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანტექნიკას შეაკეთებს.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, პირველი ტექნიკა, რომლებსაც შეაკეთებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების T-64-ის ტიპის ტანკები იქნება. მოგვიანებით, მას ჯავშანტრანსპორტიორები მოჰყვება და ა.შ.

ჩერნოხოვა ამბობს, რომ ჩეხეთი პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელსაც უკრაინამ საბრძოლო მანქანების მომსახურებისა და შეკეთების თხოვნით მიმართა. ჩეხეთის გარდა, მანქანები უკრაინის მეზობელ ქვეყანაში, სლოვაკეთშიც შეკეთდება. 

ჩეხეთი ასევე იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას საბჭოთა წარმოების T-72-ის ტიპის ტანკები გადასცა, ასევე, BMP-1-ის ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც ქვეყნის მოქმედი რეზერვების ნაწილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთმა უკრაინას თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და მრავალი გამშვები სარაკეტო სისტემაც მიაწოდა. 

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების ოდენობისა და ტიპის დასახელებისგან თავს იკავებს. სამინისტროს ცნობით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, მეზობელ ქვეყანას როგორც მსუბუქ, ისე მძიმე იარაღს უგზავნიან.

ოფიციალური სამთავრობო სამხედრო დახმარების გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესაძენად, €40 მილიონზე მეტი შეგროვდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები