რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუტე: ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას მიაწვდის

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის. 

"მე და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კალისა ოლონგრენმა რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე, გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას გადასცემს. ასევე, მოკავშირეებთან ერთად, განვიხილავთ დამატებით მძიმე აღჭურვილობის მიწოდებას". - წერს Twitter-ზე მარკ რუტე. 

ასევე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ მან ნიდერლანდების პრემიერმინისტრის დონბასში სიტუაციის გამწვავების შესახებ აცნობა. უკრაინის პრეზიდენტმა მარკ რუტეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის. როდესაც მშვიდობა აღდგება, ნიდერლანდებსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს ჩვენ ერთად გავაღრმავებთ ევროკავშირში" - წერს უკრაინის პრეზიდენტი. 

ასევე, PA Media-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. 

ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის უკრაინაში ჩატანა დაიწყეს. ინფორმაცია CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა

13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას მიაწვდის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები