რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას PA Media ავრცელებს.

გასულ კვირებში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer High Velocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს. 

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინაშია კონცენტრირებული.

ზელენსკიმ დასავლეთს მეტი შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ის უკრაინას დამატებით შეიარაღებას აუცილებლად გაუგზავნის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები