რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. 

"მხოლოდ კონვენციური იარაღი". - თქვა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუს დროს. 

სერგეი ლავროვის ინფორმაციით, ომის ახალი ფაზა დაიწყო.

"ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმართულია, როგორც დასაწყისიდანვე იყო გამოცხადებული, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული გათავისუფლებისკენ. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება და, მგონია, ახლა იქნება მნიშვნელოვანი მომენტი". – თქვა სერგეი ლავროვმა.

23 მარტს, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. პესკოვმა თქვა, რომ თუ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხე" იარსებებს, მაშინ, შესაძლოა, ბირთვული პოტენციალი გამოიყენონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები