რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონის თქმით, უკრაინაში მასობრივი მკვლელობის აღმოჩენის გამო პუტინთან დიალოგი შეაჩერა

ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2018 წელი
Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი მას შემდეგ შეჩერდა, რაც უკრაინაში მასობრივი მკვლელობების ფაქტები აღმოაჩინეს.

"მას შემდეგ, რაც ბუჩასა და სხვა ქალაქებში ხოცვისა და ჟლეტის ფაქტები აღმოვაჩინეთ, ომმა მიმართულება შეიცვალა. ამიტომ მასთან [პუტინთან] პირისპირ არ მისაუბრია, მაგრამ ამას მომავალში არ გამოვრიცხავ". - აღნიშნა მაკრონმა. 

კითხვაზე, თუ რატომ არ მიჰყვა იგი სხვა ევროპელი ლიდერების მაგალითს და გაემგზავრა უკრაინის დედაქალაქ კიევში, მაკრონმა თქვა, რომ მხოლოდ მხარდაჭერის გამოხატვისთვის უკრაინაში არ ჩავა. 

"თუ კიევში ჩავალ, რამე სასარგებლოს წავიღებ თან. მხოლოდ მხარდაჭერის გამოსახატად იქ გამგზავრება არ მჭირდება". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. ბაიდენის სიტყვების შეფასებისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ გენოციდის მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები