საქართველოს მთავრობა

ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაცია ჩქარდება – პროექტი ₾120 მილიონი დაჯდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის დაჩქარებული გეგმა წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ქვეყნის მიწების 1/3 არ არის რეგისტრირებული და 1 200 000 ჰექტარი მიწა ეკონომიკური ბრუნვიდანაა გამოთიშული.

"სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას. პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში  მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1 000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს,  4000-ზე მეტ დასახლებას.

3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები". – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება, პროცესი 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და 120 მილიონი ლარი დაჯდება.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია. აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი". – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიწის სისტემურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით იუსტიციის სამინისტრო წარმართავს.

კომენტარები