რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ის დირექტორის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

Tom Williams/CQ-Roll Call, Inc/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA-ის) დირექტორის, ბილ ბარნსის თქმით, აშშ რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

"პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთის გათვალისწინებით, ასევე, სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკურ ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე". - აღნიშნა ბარნსმა ჯორჯიის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას. 

CIA-ის დირექტორმა განმარტა, რომ რიტორიკის ცვლილების მიუხედავად, ჯერ არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება, რომელიც "ბირთვული განგაშის ახალ ეტაპზე გადასვლას" დაადასტურებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ კრემლის მხრიდან გარკვეული რიტორიკული პოზიცია ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ჯერჯერობით არ გვინახავს პრაქტიკული მტკიცებულება იმ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს. თუმცა ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით" - თქვა ბარნსმა.

მანამდე, 23 მარტს, რუსეთის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. რასაც პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი გამოეხმაურა: ჯონ კირბის თქმით, კრემლის სპიკერის სიტყვები "სახიფათო რიტორიკაა". მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ქცევა შეუსაბამოა ბირთვული სახელმწიფოსთვის.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი საფრთხის წინაშე ალიანსის მზაობას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები