რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნი: სიმართლე პუტინის შეშლილ რეჟიმს ჯაველინებივით ურტყამს, მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს

ალექსეი ნავალნი
The Hill

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დასავლეთს მოუწოდებს, დაიწყოს დიდი საინფორმაციო კამპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "შეშლილი რეჟიმის" წინააღმდეგ. ნავალნი წერს, რომ პუტინის წინააღმდეგ "სიმართლისა და თავისუფალი ინფორმაციის" ახალი ფრონტი უნდა გაიხსნას. რუსეთის პრეზიდენტს ოპოზიციონერი ომის დამნაშავეს უწოდებს. 

ნავალნი წერს, რომ სიმართლე და თავისუფალი ინფორმაცია "პუტინის შეშლილ რეჟიმს" ისევე მძიმედ ურტყამს, როგორც ჯაველინები - აშშ-ს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელსაც უკრაინელები რუსული ტექნიკის წინააღმდეგ იყენებენ. 

ნავალნი წერს, რომ რუსეთი იტყუება, როდესაც ამტკიცებს, რომ ომს ქვეყანაში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. 

"რა სახის სოციოლოგიაზეა საუბარი, როდესაც კითხვას - უჭერთ თუ არა მხარს ომს უკრაინაში, სოციოლოგისა და რესპონდენტის 15-წლიანი პატიმრობა შეიძლება მოჰყვეს?" - წერს ნავალნი. 

ნავალნი წერს, რომ რუსეთი ბლოკავს ყველა დამოუკიდებელ მედიას. ოპოზიციონერი სვამს კითხვას, საჭირო იქნებოდა თუ არა ეს, საზოგადოებაში უკრაინაში მიმდინარე ომს მართლაც რომ ჰქონდეს მხარდაჭერა. თუმცა, ნავალნის შეფასებით, რუსეთის ქმედებები საკუთარ საქმეს აკეთებს, რადგან, მოქალაქეების უმრავლესობას დამახინჯებული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.  

ნავალნი მოუწოდებს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, "სასწრაფოდ მოძებნონ გამოსავალი პუტინის პროპაგანდის ჩასახშობად, სოციალური მედიის სარეკლამო ძალის გამოყენებით". 

"ეს უნდა იყოს უპრეცედენტო, უზარმაზარი ეროვნული სარეკლამო კამპანია. ისევე, როგორც ნამდვილ არჩევნებში. ჩვენი კანდიდატი, მშვიდობა პუტინის კანდიდატის, ომი წინააღმდეგ.

და მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს. სხვა შედეგს ვერ დავუშვებთ". - წერს ნავალნი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები