"თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წამით, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების ყოფნაზე თქვა.
"აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს" - ამბობს კობახიძე და იმეორებს, რომ მისი ან შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტი "გარკვეულ წინაპირობებზეა" დამოკიდებული.
პრორუსი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან ევრომაიდანის მოვლენების შედეგად გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.
კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატისთვის 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამის გარდა, ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ იანუკოვიჩი კიდევ ორ ბრალდებაში - ომის წამოწყებაში თანამონაწილეობასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობის მიღებაში ცნო დამნაშავედ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Українська правда-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაქცეული ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელარუსში, მინსკში იმყოფება და მას სპეცოპერაციისთვის ამზადებენ. ინფორმაცია უკრაინულ გამოცემას უკრაინის დაზვერვის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარია მინსკში იანუკოვიჩის "უკრაინის პრეზიდენტად" გამოცხადება.
როგორც ანონიმური წყარო იუწყება, კრემლი, შესაძლოა, ამზადებდეს საინფორმაციო ოპერაციას ან აქციებს იანუკოვიჩის დაბრუნების მოთხოვნით. ასევე, შესაძლებელია გამოქვეყნდეს მისი სახელით უკრიანელი ხალხისადმი მიმართვა.
ევრომაიდნის მოვლენების ქრონოლოგია
2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებაზე, რასაც კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
იმავე საღამოს მაიდანზე 1 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამავე დღეს კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 2014 წლის 7 იანვრამდე საჯარო ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.
აკრძალვის მიუხედავად, მაიდანზე ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. სოციალურ მედიაში გაჩნდა ჰეშთეგი #ევრომაიდანი.
პოლიციასთან პირველი დაპირისპირება პროტესტის დაწყებიდან მეორე დღესვე მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა კარვების გაშლა სცადეს.
23 ნოემბერს პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს იმ მიზეზით, რომ მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. შემდგომში ნაძვის ხე ევრომაიდნის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.
24 ნოემბერს კიევში მომიტინგეთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, თავი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ გაეიგივებინათ და, შესაბამისად, არ იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების სიმბოლოებს.
28-29 ნოემბერს გაიმართა ვილნიუსის სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. სამიტამდე მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა სამიტის დასრულებისთანავე, 30 ნოემბერს გაიცა ბრძანება, დაერბიათ მაიდანზე დარჩენილი მომიტინგეები. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ მოედნის საახალწლოდ მოწყობა იყო აუცილებლი.
პირველ დეკემბერს მაიდანზე უკვე 500 000-დან ერთ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა, რაც რევოლუციის და იანუკოვიჩის მთავრობის დასასრულის დასაწყისად იქცა.
გაეროს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში კიევში მაიდანის მოედანზე 98 ადამიანი მოკლეს - აქიდან 84 მომიტინგე და 13 სამართალდამცავი.





