რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიომ უნდა აღიაროს უკრაინელების გენოციდი – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით მსოფლიომ უნდა აღიაროს უკრაინელი ხალხის გენოციდი 2022 წელს რუსეთის შეჭრის პირობებში. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი (№7276) "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩადენილი გენოციდის შესახებ".

კანონპროექტით უკრაინის რადა თავად აღიარებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულები.

"უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიზანი უკრაინელი ხალხის სისტემური და თანმიმდევრული განადგურება, მათი იდენტობის, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი განვითარების უფლების წართმევაა. უკრაინელი ხალხის არსებობის უფლების არაღიარების შესახებ რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკაზე მოწმობს არა მხოლოდ პუტინის და სხვა საჯარო მოხელეების საჯარო განცხადებები, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქმედებებიც.

ყოველდღიური მასობრივი მკვლელობები, გატაცებები, ადამიანების დატყვევება, წამება, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, მკვდრების დაცინვა, სიკვდილით დასჯა, დასახლებული პუნქტების ბლოკადა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენება... და კიდევ მრავალი მსგავსი სისასტიკეა უკრაინაში ყველგან, სადაც რუსმა ოკუპანტმა ფეხი დადგა. თქვენ გაჩუმება არ შეგიძლიათ, პატიება არ შეგიძლიათ". – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები