რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ბორელი: EU უკრაინას რუსების სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის მისია უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკივებულებების შეგოვებაში დაეხმარება. 

UNIAN-ის ცნობით, ბორელმა ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში არსებული ვითარება კვლავ დომინირებდა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

"მინისტრებს მოვახსენე ჩემი ვიზიტის შესახებ კიევში და განვიხილეთ კონფლიქტის სხვადასხვა ასპექტი. დილით გვქონდა შეხვედრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან. ამიტომ, პირველი რიგის საქმე იყო, თუ როგორ დაეკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის. ჩვენ დავეხმარებით ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში".- განაცხადა ბორელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები