რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის რამდენიმე ქალაქში პრორუსული საპროტესტო აქციები გაიმართა

AFP

პრორუსი დემონსტრანტები გერმანიის რამდენიმე ქალაქში, მათი თქმით, რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის შევიწროების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. თუმცა, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერის გამოსახატავად იკრიბებიან, რაც გერმანიის კანონმდებლობით არალეგალურია.

ქალაქ ფრანკფურტში ასობით ადამიანი რუსეთის დროშებით შეიკრიბა. პოლიციის განმარტებით, ჰანოვერში 600-მდე ადამიანი, 400-მდე კოლონაში ჩაბმული მანქანით აპროტესტებდა "რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროებას". სამართალდამცავებს ბარიერების აღმართვა მოუწიათ, რათა მომიტინგეები გამოეყოთ დაახლოებით 3 500 უკრაინელი მხარდამჭერისგან, რომლებიც ასევე შეიკრიბნენ ჰანოვერში.

საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო. თუმცა, Reuter-ის ცნობით, ფრანკფურტში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ - "დონბასი რუსეთს ეკუთვნის".

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები