რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: აშშ უკრაინას მიაწვდის იმდენ იარაღს, რამდენიც რუსეთის დასამარცხებლად დასჭირდება

უკრაინელ სამხედროს გადააქვს ჯაველინის სარაკეტო სისტემა ფრონტის ხაზზე, ჩრდილოეთ კიევის რეგიონში, უკრაინა, 2022 წლის 13 მარტი
REUTERS/Gleb Garanich

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას მიაწოდოს რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად საჭირო იარაღი. სალივანის განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას უფრო მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.

"ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ იმდენი იარაღი, რამდენიც მას რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება, რათა რუსეთმა ვეღარ აიღოს მეტი ქალაქი და დაბა, სადაც ისინი ომის დანაშაულებს ჩაიდენენ". - თქვა სალივანმა.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ $1.7 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია. სამხედრო დახმარება მოიცავდა თავდაცვითი საზენიტო სტინგერსა და ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს, ასევე საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას.

"იარაღები იგზავნება ყოველდღიურად, მათ შორის დღეს". - თქვა სალივანმა.

გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ ცნობილი გახდა, ამერიკელთა 72% მხარს უჭერს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას, 78% კი ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები