რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანქციების დაწესებით ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მაგალითს აძლევს

REUTERS

უკრაინის დედაქალაქში, კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გააძლიეროს. ზელენსკის განმარტებით, სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს მაგალითს აძლევს.

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, ზეწოლა უკრაინელი ხალხის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური დახმარებით, ზეწოლა სანქციებით". - თქვა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დროა, რუსეთის ენერგორესურსზე სრული ემბარგო დაწესდეს და დასავლეთმა უკრაინას ეფექტური სამხედრო დახმარება გაუწიოს. ამ პროცესში, ზელენსკის განმარტებით, დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

5 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასიმ აღნიშნა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო სანქციებით რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაეყინა. იმავე დღეს ევროკავშირმა სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები