რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თუ ვერ დაინახა, რა მოხდა ბუჩაში, ოფთალმოლოგთან მისვლა სჭირდება" – კაჩინსკი ორბანს

Źródło: PAP / Paweł Supernak

პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, იაროსლავ კაჩინსკი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ბოლოს გაკეთებული განცხადებების გამო "ოფთალმოლოგთან ვიზიტს" ურჩევს. მისი თქმით, თუ უნგრეთი პოზიციას არ შეცვლის, პოლონეთი მათთან არ ითანამშრომლებს. 

"როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას ოფთალმოლოგთან ვიზიტი სჭირდება". - თქვა კაჩინსკიმ. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მტკიცებულებები მოითხოვა, რომ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ნამდვილად დახოცეს მოქალაქეები და "ეს არ იყო დადგმა". Європейська правда-ს წყაროს ინფორმაციით, ეს ლიდერი უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანია.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები