რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპელმა ლიდერმა მტკიცებულება მოითხოვა, რომ ბუჩაში ხოცვა დადგმული არ იყო – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მტკიცებულებები მოითხოვა, რომ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოქალაქეების ხოცვა ნამდვილად მოხდა და "ეს არ იყო დადგმა". 

ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს თარგმანს უკრაინული მედია Unian-ი ავრცელებს. 

"ეს არ იყო შოლცი, მაგრამ იყო ერთი ძალიან უსიამოვნო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა - "გვიჩვენეთ მტკიცებულებები, რომ ეს მართლაც მოხდა, რომ ეს არ იყო დადგმა. გვაჩვენეთ ეს მტკიცებულება!" ვერ ვიტყვი, ვინ იყო". - ამბობს ზელენსკი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ის ევროპის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ უპასუხა - "დიახ. მაგრამ არა შოლცი". 

უკრაინული მედია წერს, რომ მათი წყაროების მიხედვით ზელენსკი უნგრეთის პრემიერმინისტრზე, ვიქტორ ორბანზე საუბრობს.  

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები