რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ესტონეთში მუშაობა და ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ

ესტონეთის დროშა
Shutterstock

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ესტონეთში მუშაობა და ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ. შესაბამისად, შეწყდება ვიზებისა და სამუშაო ნებართვების გაცემა.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტიან იაანის თქმით, ზემოთ აღნიშნული სანქცია კიდევ ერთ ხვრელს ამოავსებს, რათა რუსეთმა და ბელარუსმა დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლონ. 

"აუცილებელია მიზანმიმართული მოქმედება, რათა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ესტონეთში ცხოვრების დაწყება გახდეს შეუძლებელი". - ამბობს კრისტიან იაანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ აქამდე გაცემული ბინადრობის ნებართვები არ გაუქმდება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები დაარღვევენ ესტონეთში მოქმედ რომელიმე კანონს, ისინი დაკარგავენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას. 

ესტონეთში შესვლა ოჯახური მიგრაციისა და ჰუმანიტარული მიზეზებით კვლავ შესაძლებელი იქნება. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები