რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უნგრეთი მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს

Akos Stiller/Bloomberg/Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს.

"ჩვენთვის, უნგრეთისთვის პრობლემა არ იქნება, რომ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადავუხადოთ. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში". - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და პოლონეთმა და სლოვენიამ რუსეთისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, რიჩარდ სულიკის თქმით კი სლოვაკეთი განიხილავს გაზის რუბლში შესყიდვის შესაძლებლობას, ვინაიდან ქვეყანას ჯერჯერობით რუსული გაზის ალტერნატივა არ აქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები