რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთის ენერგორესურსების საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს

დიდი შვიდეულის ქვეყნების G7-ის წარმომადგენელმა, ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ  G7-ის არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას და რუსეთისგან არ შეიძენენ ენერგორესურსებს რუბლით. 

"დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ [პუტინის რუბლით გადახდის მოთხოვნა] არის კონტრაქტის ცალმხრივი და აშკარა დარღვევა". - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, ჰაბეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ.

მანამდე, 24 მარტს, პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.

ამას გარდა, 24 მარტს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ რუსული გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ. მისი მტკიცებით, ხელშეკრულება გადახდას ევროში ან აშშ დოლარში გულისხმობს.

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები