რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პესკოვი ბუჩაზე: ეს არის კარგად მართული ტრაგიკული შოუ

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

რუსეთის პრესპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსი სამხედროების მიმართ, მათ შორის ბუჩაში შექმნილი ვითარება დადგმული შოუა. მისი თქმით, რუსეთი "დაჟინებით მოითხოვს" რომ საქმე ობიექტურად გამოიძიონ. 

პესკოვმა დასძინა, რომ ბუჩის კადრები არის "კარგად მართული ტრაგიკული შოუ".

"მოვლენების მთელი მიმდინარეობა, უზარმაზარი მონაცემები, ფაქტობრივი მტკიცებულებები მიუთითებს გაყალბებაზე. ცდილობდნენ რუსული არმიის შეურაცხყოფას".- ამბობს პესკოვი. 

კრემლის სპიკერმა უშიშროების საბჭოს წევრებსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თავი დააღწიონ სიტუაციის ემოციურ აღქმას.

"მონაცემები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა თვალი და ყურები დახუჭა და არაფრის მოსმენა არ უნდა".- თქვა მან. 

მანამდე სახელმწიფო დუმამ ბუჩაში შექმნილ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები