საქართველო-უკრაინა

დარჩიაშვილი კულებას: ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას

"მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის" - საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინელ კოლეგას Twitter-ზევე პასუხობს.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - წერს ილია დარჩიაშვილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის.

"მოუთმენლად ველი ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას, რათა უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი გვაქვს". - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან 4 აპრილს გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი,  მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა. 

ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა "გაუგებარი გადაწყვეტილებაა", ხოლო "დესტრუქციული ოპოზიცია" თბილისიდან და კიევიდან "საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას" ცდილობს.

კომენტარები