ჰოლივუდი

უილ სმიტმა ამერიკის კინოაკადემია დატოვა

Marca

უილ სმიტმა ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა.

"ჩემი ქმედებები შოკისმომგვრელი, უსიამოვნო და უპატიებელია. პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი კრის როკს, მის ოჯახსა და მეგობრებს, ასევე ჩემს მეგობრებს და მაყურებელს. აკადემიის ნდობით ბოროტად ვისარგებლე. ძალიან ვწუხვარ". – ამბობს მსახიობი.

მსახიობი მომდევნო ოსკარების ნომინანტებისა და გამარჯვებულების გამოვლენაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა შესაძლოა თავად მიიღოს ნომინაცია. 

27 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია(თმის ცვენა) სჭირს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა. სმიტმა ინციდენტიდან ერთ საათში მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო.

ამერიკის კინოაკადემია საკუთარი რიგებიდან სმიტის გარიცხვას ისედაც განიხილავდა, ასევე შესაძლოა მსახიობს ოსკარიც ჩამოერთვას. საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც გადაწყვეტილებას აპრილის ბოლომდე მიიღებს.

კომენტარები