რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: პუტინი სასტიკი და ომის დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტვას გამოეხმაურა. მან ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე და განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისაჯოს.

"ალბათ გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს იმისთვის, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე კი ისაა, რომ საკუთარი თვალით იხილეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ეს პუტინის წინააღმდეგ მტკიცებულებაა, ის ნამდვილად ომის დამნაშავეა. მაგრამ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინფორმაციის შეგროვება. ასევე, უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ. უნდა მივიღოთ ყველა დეტალი, რათა ამ საქმეზე ომის დანაშაულის სასამართლო გაიმართოს. პუტინი სასტიკია და რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია და ეს ყველამ იხილა. რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ვფიქრობ". - ამბობს ჯო ბაიდენი.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები