დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბუჩასა და ირპენში რუსეთის "გულის ამრევი თავდასხმები" უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულია. მან დამატებით აღნიშნა, რომ "არ გაჩერდებიან მანამ, სანამ სამართალი არ აღსრულდება".
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინის ომის მანქანა გამოიფიტოს [...] დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის გამოძიებას". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.
კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე - ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





