რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2 აპრილს მარიუპოლი და ბერდიანსკი 1 200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა – ვერეშჩიუკი

მარიუპოლიდან ევაკუირებული, ზაპოროჟეში ჩასული ლტოლვილები. პირველი აპრილი, 2022
Andrea Carrubba/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩიუკის ცნობით, შაბათს, 2 აპრილს ჰუმანიტარული კორიდორებით 4 217 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ინფორმაციას ვერეშჩუკი ტელეგრამში აქვეყნებს.

ალყაშემორტყმული მარიუპოლი და რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან 1 263 ადამიანი საკუთარი ტრანსპორტით ზაპოროჟიეში ჩავიდა. აქედან 756 ადამიანი მარიუპოლიდან იყო, ხოლო 498 ბერდიანსკიდან, მელიტოპოლიდან, პოლოგიდან, ორხივიდან და ვასილივკადან.

გარდა ამისა ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გაემგზავრა 10 საევაკუაციო ავტობუსი, ავტობუსებში ბერდიანკსი მცხოვრებლების გარდა 300 მარიუპოლელიც არის.

ევაკუაცია გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ, ლუგანსკის რეგიონში. ქალაქები სევეროდონეცკი, რუბიჟნე, ლისიჩანსკი, კრემინა, პოპასნა და ნიჟნე 2 650-მა ადამიანმა დატოვა. ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსულმა ძალებმა მოქალაქეების ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნეს.

ვერეშჩუკის თქმით, ბერდიანსკში ზაპოროჟიედან 17 ავტობუსი ჩავიდა და მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია კვირას გაგრძელდება. ავტობუსების ნაწილი შეეცდება მარიუპოლთან უფრო ახლოს მივიდეს.

ომის დაწყების შემდეგ მარიუპოლი რუსული სამხედრო ძალების მიერ ძლიერად იბომბება. ქალაქი ალყაშია, დაზიანებულია შენობების 90%. მარიუპოლში გაუსაძლის პირობებში 150 000-ზე მეტი ადამიანი რჩება - მათ აკლიათ საკვები და მედიკამენტები, არ მიწოდებათ წყალი და ელექტროენერგია. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმებს ამ დროისთვის, სულ მცირე, 5 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები