რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიის საგარეო მინისტრი: მზად ვართ უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორები ვიყოთ

ლუიჯი დე მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია მზად არის, უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი იყოს. ამის შესახებ მინისტრმა ბაქოში კოლეგასთან, ჯეიხუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"იტალია შეუჩერებლად მუშაობს, რათა ეს კონფლიქტი სანქციების საშუალებით დასრულდეს და უარს არ ამბობს დიპლომატიურ არხებზე.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტებია. ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთში ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ მიღწეული პროგრესი. იტალიის ხელისუფლება მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი იყოს". - თქვა დე მაიომ.

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან ერთ-ერთი ნეიტრალიტეტი იყო. უკრაინა მზადაა, არ შეუერთდეს ალიანსებსა და არ განათავსოს ქვეყანაში სამხედრო ბაზები, თუ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსი პირობებით, რომელთა შესრულებასაც გარანტორი ქვეყნები უზრუნველყოფენ. (უკრაინამ გარანტორებად დაასახელა ისრაელი, კანადა, პოლონეთი და თურქეთი. ასევე განიხილავენ რუსეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და იტალიას).

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები