შუალედური არჩევნები 2022

ქაოსი, ხარვეზები, კოორდინატორები უბნებთან, ფარულობის დარღვევა – ISFED-ის შეფასება 13:00-სთვის

არჩევნები
ტაბულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აკვირდება და შეფასებას ავრცელებს. 

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. 

  • ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. 
  • ბათუმის #23, #69, #79, #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო. 
  • ბათუმის #77, #79, #89, #91 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც. 
  • ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის,1 ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს. სამართლიანი არჩევნები შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც საუბრობდა ამ უბანზე ამომრჩეველთა სერიოზული მატების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს დარეგისტრირდა, რასაც, შესაძლოა, ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა. შედეგად, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა კანონის იმპერატიული მოთხოვნის გვერდის ავლა. საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია უბნის საზღვრების დადგენაზე, არ უნდა დაეშვა ამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონსაწინააღმდეგო რაოდენობით თავმოყრა. ამასთან, საარჩევნო უბნის დადგენილზე მეტად გადატვირთვამ, უბნის სივრცის სივიწროვისა და ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირობებში, როცა ამომრჩეველსა და კომისიას მეტი დრო სჭირდება კენჭისყრის პროცედურების განსახორციელებლად, შესაძლოა დაარღვიოს კოვიდრეგულაციები და პრობლემა შექმნას ხმის მიცემის ფარულობის მხრივაც. 
  • რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ISFED-ის ცნობით, გამოავლინეს დარღვევები:

  • ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ბათუმის #100 საარჩევნო უბანზე შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი. დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი, რის გამოც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. 
  • აგიტაცია საარჩევნო უბანზე - ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოცხადებული იყო მაისურით, რომელზეც ჰქონდა  წარწერა - ნუგზარ ფუტკარაძე (ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის სახელი და გვარი), რაც, შესაძლოა, ჩაითვალოს აგიტაციად. 
  • უბნის მოწყობის წესის დარღვევა - ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 კაბინა, მაშინ როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი. 
  • კოვიდ რეგულაციების დარღვევა - ბათუმის #90 საარჩევნო უბანზე ირღვეოდა კოვიდრეგულაციები. კერძოდ, დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე. შენიშვნის მიუხედავად უბანზე მყოფი პირების ნაწილი არ დაემორჩილა მითითებას. 
  • სხვა დარღვევები - ბათუმის #79 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გამოცხადდა ბეიჯით და მართვის მოწმობით. კომისიის წევრი დაუშვეს უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით. 

ასევე, ISFED-ის ინფორმაციით, ბათუმის #77 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით. ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მყოფი პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი დამკვირვებელი კი საეჭვო კომუნიკაციაში შედის ამომრჩევლებთან. ISFED-ის ცნობით, უბანთან მობილიზებულნი არიან სავარაუდოდ ქართული ოცნების კოორდინატორებიც. 

არასამთავრო ორგანიზაციის ინფორმაციით,  #89 საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებას, ასევე, ბათუმის #91 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები - ენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ ბათუმის #79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი და  ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 5 შენიშვნა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 1 საჩივარი. 

სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია 9 მობილური ჯგუფის, საუბნო საარჩევნო კომისიის 20 და საოლქო საარჩევნო კომისიის 3 დამკვირვებლისაგან შედგება. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა გადამოწმებისა და ინციდენტის ცენტრები. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამების დასრულებამდე აკვირდებიან. 


ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ.  

რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა გახდა საჭირო, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო ლაცაბიძე 2021 წლის ოქტომბრიდან ქალაქის მერია. ბათუმში კი საკრებულოს ახალ წევრს მას შემდეგ ირჩევენ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ფუტკარაძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა.  

ცესკოს ინფორმაციით, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

კომენტარები