შუალედური არჩევნები 2022

ამომრჩეველთა აღრიცხვა, გავლენიანი პირები უბნებთან, აგიტაცია – კენჭისყრის შეფასება საიასგან

ცესკო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგების შეჯამება გამოაქვეყნა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციების, კერძოდ, შეკრების, ამომრჩევლის შეფერხებისა და აღრიცხვის აკრძალვის სრული უგულებელყოფა. უბნებთან აგრეთვე იმყოფებოდნენ გავლენიანი პირები, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, თბილისისა და რეგიონების საკრებულოების წევრები – როგორც ქართული ოცნების, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების მხრიდან. 

ორგანიზაციის შეფასებით, უბნის მიმდებარედ მათ ყოფნა ზრდიდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რისკებს. ამასთან, დღის განმავლობაში დაფიქსირდა აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა.

"პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის გამო, საიამ მხოლოდ 2 შემთხვევაში მიმართა საპატრულო პოლიციას. პერიმეტრის რეგულაციების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადეკვატური რეაგირება. ამრიგად, დღის განმავლობაში, პერიმეტრის რეგულაციების დარღვევის განგრძობითი ხასიათის მიუხედავად, საიას საპატრულო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს". – ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

საიას ცნობით, ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე შეინიშნებოდა კენჭისყრის შენობების შიგნითაც, რაც გამოწვეული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დამკვირვებლების ყოფნით საკმაოდ მცირე ზომის უბნებზე.

მონიტორინგის ფარგლებში, უბნების შიგნით საიამ გამოავლინა ცალკეული დარღვევების ფაქტები: 

  • 77-ე უბანზე, თავმჯდომარემ ამომრჩეველს უთხრა ხომ იცოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა;
  • 79-ე უბანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ეცვა შავი მაისური, რომელზეც დაბეჭდილი იყო ნუგზარ ფუტკარაძის სახელი და გვარი, ფოტოსურათთან ერთად. (გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძე ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატის მამაა); 
  • 89-ე უბანზე, რეგისტრატორის უკან მდგომი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას მრავალეთნიკური ერთობა, ინიშნავდა მონაცემებს სამაგიდე სიებიდან. დამკვირვებლის არაერთი მითითების მიუხედავად, თავმჯდომარემ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა;
  • 76-ე უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ, ცარიელი ბიულეტენების რაოდენობა იყო 1-ით ნაკლები. კომისიის შესაბამისმა წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტება და განაცხადეს, რომ ეს ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

საერთო ჯამში, საიამ 3 საჩივარი და 10-მდე წერილობითი შენიშვნა დააფიქსირა.

საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე არ ხდებოდა COVID-19 პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციების სათანადოდ დაცვა. განსაკუთრებით პრობლემური იყო 78-ე უბანი, სადაც კომისიის წევრები პირბადის ტარების წესს საერთოდ არ იცავდნენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამაზე საიამ შენიშვნაც დააფიქსირა, თუმცა თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა რომ წესების დაცვაზე ეზრუნა, საიას დამკვირვებელს "ლაწირაკი" უწოდა.


ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართა. საარჩევნო ოლქები 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩევლები რუსთავ-გარდაბანში საქართველოს პარლამენტის დეპუტატს და ბათუმის საკრებულოს წევრს ირჩევდნენ.

კომენტარები