შუალედური არჩევნები 2022

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა

Irakli Shatakishvili / Facebook

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში, სადაც პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართა, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 100%. რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 90.612% მიიღო.

  • მამუკა ტუსკაძე (სოციალური სამართლიანობისთვის) – 6.952%;
  • კამალ მურადხანოვი (საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია) – 2.436%.

რუსთავში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პარლამენტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის მერი გახდა.

რუსთავში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იყო, თუმცა მან 27 თებერვალს საარჩევნო კამპანია შეაჩერა. ჯაფარიძის თქმით, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი და მის ფონზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის სირთულე იყო. 15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რის შემდეგაც მან თქვა, რომ შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა.


20:00 საათის მონაცემებით, რუსთავსა და გარდაბანში სულ ხმა 40 559 ამომრჩეველმა მისცა, აქტივობამ 29% შეადგინა.

შუალედური არჩევნები გაიმართა ბათუმშიც. მოქალაქეებმა ქალაქის საკრებულოს წევრად ქართული ოცნების კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს (69%). ენმ-ს კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო.

კომენტარები