რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ომის დაწყების შემდეგ კიევში 154 კორპუსი, 44 სკოლა, 27 ბაღი და 20 კერძო სახლი დაზიანდა

МВД

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დედაქალაქ კიევში დიდი რაოდენობით საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაზიანდა 154 კორპუსი, 20 კერძო სახლი, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა”. - ნათქვამია განცხადებაში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს. ჯგუფში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები.

"სწორედ ისინი წარმოუდგენენ ქალაქს სამუშაოს გეგმაზე შეთავაზებას და დაზიანების აღდგენის საორიენტაციო ღირებულებას." - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები