საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი არსებობს, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრმა აგრეთვე დასძინა, რომ მთავრობა პროექტს განახორციელებს.
„მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქართველომ გააუმჯობესოს ის ინფრასტრუქტურა, რაც აქვს. მათ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია და ეს პროცესი მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. რეალურად, როდესაც ახალი პორტი შენდება, ის გათვლილია უფრო მაღალ სიღრმეებსა და უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე. ანაკლიის პროექტი კომპლექსურია, საკმაოდ დიდია. მინდა, გითხრათ, რომ რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი გვყავს, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ პროექტის მიმართ და სახელმწიფოსთან საუბრობენ. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ჩავატარეთ კვლევები. არის გარკვეული მიგნებები და დასკვნები გაკეთებული. ამის საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ მთელი რიგი პროგრამა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს. მათ შორის, საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხს და საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ“. - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.
3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.
მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო.