საქართველო-ევროკავშირი

კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიისთვის აუცილებელია – მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს - მეცოლა წერს, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ნამდვილი საპარლამენტო დიალოგია აუცილებელი.–

"შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. უკრაინისადმი დიპლომატიურ მხარდაჭერას მივესალმებით. ევროპარლამენტი აღიარებს განაცხადს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. 

კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ნამდვილი საპარლამენტო დიალოგი დემოკრატიისთვის აუცილებელია". - წერს ის. 

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს წარადგინა. ევროპული საბჭოს 11 მარტის განაცხადის მიხედვით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად კომისიაა მიიწვიეს. საბჭოს განცხადებითვე, მათ აღიარეს უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც

აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა.

კომენტარები