საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: EU ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს

საქართველოს პარლამენტი / Facebook

"მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილია შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება.

"გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“ - ამბობს პაპუაშვილი.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს წარადგინა. ევროპული საბჭოს 11 მარტის განაცხადის მიხედვით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად კომისიაა მიიწვიეს. საბჭოს განცხადებითვე, მათ აღიარეს უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც

აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა.

კომენტარები