მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი
ТАСС

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება. 

დელიაგინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას წინ უძღოდა გასულ დღეებში მისი საუბარი რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ Россия-1-ის პირდაპირ ეთერში. ის რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა "დაესაჯა" ბაქო, რომელიც "პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე". მისი თქმით, საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა. 

აზერბაიჯანმა მიმართა მეგობრულ ქვეყნებს, რომ თუ დელიაგინი მათ ტერიტორიაზე შემჩნეული იქნება, დააკავონ.


24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 

ამას მოჰყვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო მწუხარება "რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი განცხადების გამო". ბაქომ მოსკოვს მოუწოდა ყარაბაღის სომხური უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისგან დაცლისკენ, რაც, როგორც ამბობენ, სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებაა. ასევე, აზერბაიჯანმა აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიაზე არ არსებობს ერთეული სახელად "მთიანი ყარაბაღი" და ეს გამოთქმა არ უნდა იყოს გამოყენებული. შეასწორეს რუსეთის მიერ "ფურუხად" მოხსენიებული სოფელიც და აღნიშნეს, რომ ამ სოფელს ფარუხი ჰქვია. 

მხარეებმა განცხადებები მომდევნო დღესაც გაცვალეს

ვრცლად ყარაბაღის ამჟამინდელი დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

კომენტარები